среда, 1 апреля 2009 г.

დღესასწაულები და ადათ–წესები



სოფლის დღესასწაულები:

მთავარანგელოზობა

კვირაცხოვლობა

გიორგობა

ჭიაკოკონობა


ანაგაში იმართებოდა ჭიაკოკონობა. ჭიდაობა, წრე-ლახტი, ყეენობაა.


ვნების კვირის ოთხშაბათ დღეს ინთებოდა კოცონები, (დღესაც შემონახულია ეს ტრადიცია), კოცონებს თან ერთოდა თოფის სროლა.

 ჭიაკოკონაზე, ანუ დიდ კოცონზე ოჯახის ყველა წევრი უნდა გადამხტარიყო. ეს იყო ავი სულებისგან დახსნის, ცოდვებისგან გადწმენდის რიტუალი. ეს რჩევა საწყისს უნდა იღებდეს წარმართობის დროიდან.

ჭიაკოკონაზე, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა გადამხტარიყვნენ თან ეძახათ: "კუდიანო არ შემიძვრე". კოცონი უნდა აენთოთ სპეციალური ძეძვით, რომელსაც "კუწკუწას" უწოდებდნენ 


ჭიდაობა


ქიზიყში ჭიდაობა ყოველთვის მიღებული იყო ის ვაჟკაცურ სანახაობად ითვლებოდა. ანაგაში ხშირად იმართებოდა ჭიდაობა მთავარანგელოზობის, კვირაცხოვლობის და გიორგობის დღესასწაულებზე ალბათ იმიტომ, რომ ამ დროს უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. ისინი ჭიდაობდნენ უქუდოდ, გულგაღეღილნი, ჩოხის კალთააკრეფილნი.

ჭიდაობა იწყებოდა ხალხის ყიჟინით. აქებდნენ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. იმის მიხედვით, თუ ვინ იმარჯვებდა. დებდნენ ნიძლავს (ჭიდაობა ხშირად ცუდი შედეგით მთავრდებოდა დამარცხებულის გულშმატკივრები და გამარჯვებულის მომხრეები აგრძელებდნენ ჩხუბს.)

თუ ჭიდაობა კარგად დამთავრდებოდა, ორივე მხარე ქეიფობდა. ქართული ჭიდაობა არა მარტო გასართობი სანახაობა ყოფილა არამედ სამხედრო ვარჯიშიც.


 წრე ლახტი


სოფელში ხშირად თამაშობდნენ (განსაკუთრებით ყველიერში) წრე-ლახტს.

მოწინაამღდეგეები შემოხაზავდნენ წრეს. წილის ყრის შემდეგ ერთნი წრის შიგნით იდგნენ, მეორენი-გარეთ.

წრის ხაზთან იმდენი ქამარი იდო, რამდენი მოთამაშეც მონაწილეობდა. თითო ქამარს თავის დარაჯი-მკვლელი ჰყავდა. წრის გარეთ მდგომთა მოვალეობა იყო, ისე გაეტაცათ ქამრები, რომ არ ჩაჭრილიყვნენ, ეს დიდ სისწრაფეს და მოხერხებულობას მოითხოვდა. ქამრის გატაცება სხვადასხვა ხერხით ხდებოდა. ქამრის დამცველი თუ სხვებთან შედარებით ფიზიკურად სუსტი იყო შეტევა მისგან იწყებოდა. ხელის ჩაჭიდებით ცდილობდნენ წრიდან მის გარეთ გამოიყვანას. თუ ამას მოახერხებდნენ, "ტყვედ" წაყვანილს იყენებდნენ, რომელიც გარეთ მდგომებისთვის დაცვაც იყო. მათ შეეძლოთ მისი თანხლებით წრეში შესვლა, შიგ სიარული, ისე რომ ქამრის გატაცება შეძლებოდათ. ქამრის გატაცება ჩაგორებით და მიწაზე გაგორებითაც ხდებოდა. თუ ერთ ქამარს მოიტაცებდნენ, იწყებოდა ამ ქამრის საშუალებით ქამრის გარეთ გაგდება. წრეში მდგომი თავის ქამარს ფეხს ჩაუდგამდა, გარეთ მდგომი კი ქამარს სცემდა, სანამ ქამარი გარეთ არ გავარდებოდა. ამ დროს ქამრის მორტყმა ფეხის კოჭს მაღლა აკრძალული იყო. წრეში მდგომთ გარეთ მყოფნი ფეხით-ფეხის დადგმით, ანდა მორტყმით უნდა ჩაეჭრა. შეიძლებოდა გატაცებული ქამრის უკან წართმევა. წრიდან ყველა ქამრის გატაცების შემდეგ იწყებოდა "გახურება". ეს გრძელებოდა მანამ, სანამ რომელიმე გარეთ მყოფთაგანს არ ჩაჭრიდნენ. ამის შემდეგ როლები იცვლებოდა.

წინათ სიფელში ყეენობა იმართებოდა ხოლმე (ყეენობა და ბერიკაობა არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან). გადმოცების მიხედვით ყეენობა ყველიერის კვირაში იმართებიდა და საფუძვლად ედო სოფლის დაბერებისა და განახლების იდეა. სოფელი ორ მოწინაამღგე მხარედ იყოფოდა(ყეენებისთვის ხშირად რამოდენიმე სოფელი ერთიანდებოდა სიღნაღთან). დიდმარხვის ორშაბათს ირჩევდნენ ყეენს, სასაცილოდ და ქვეყნის საპამპულოდ გამოაწყობდნენ: პირისახეს გაუმურავდნენ, მუცელზე ბალიშს ამოაკრავდნენ, გვირგივინის ნაცვლად საბუდარს დაახურავდნენ, გადმობრუნებულ ტყაპუჭს მოასხამდნენ, კვერთხის ნაცვად ჯოხს დააჭერინებდნენ, ჯოგრიტის ნაცვლად კი ლამფის შუშას და ვირზე უკუღმა შესმულს მთელ სოფელს შემოატარებდნენ. ყეენს უკან მისდევდა მასავით "მორთულ-მოკაზმული" ამალა, ისინი კრეფდნენ ხარკს მოსახლეობიდან. ხარკის აკრეფის შემდეგ ყეენი დაბრძანდებოდა ნაგვის გროვაზე. მას დამცირების მიზნით სცემდნენ თაყვანს. ამ დროს მოწინააღმდეგე ხარკდადებული ხალხი "აჯანყდებოდა" და "ბრძოლის" შემდეგ "დატყვევებულ" ყეენს' წყალში აგდებდნენ. თუ ყეენი კარგად დასველდებოდა მოსავლიანი წელიწადი იქნებოდა. ყეენი ამ შემთხვევაში ზამთარი იყო, აჯანყებული ხალხი კი-გაზაფხული. ასე იმარჯვებდა გაზაფხული ზამთარზე სიბერე მიდიოდა, განახლება კი მოდიოდა. აკრეფილი ხარკით იმართებოდა ლხინი, რომელშიც მთელი სოფელი მონაწილეობდა. ამ ლხინს "ყეენობის კუდს" უწოდებდნენ.


მთავარანგელოზობის დღესასწაული ანაგაში. 21 ნოემბერი 2008 წელი